ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფინეთის იუსტიციის სამინისტრო განიხილავს ესტონეთის ციხეებში საკნების იჯარის აღების შესაძლებლობას. ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურება გამოწვეულია ციხეების გადატვირთულობით, - წერს ფინური მედია და მაგალითად მოჰყავს ჰელსინკის მახლობლად მდებარე ვანტაას ციხე, სადაც „გასული კვირის მონაცემებით, 70 პატიმრით მეტი იყო, ვიდრე ადგილები“.
იუსტიციის მინისტრ ლინა მერის თქმით, ამჟამად იურისტები ცდილობენ დაადგინონ, იძლევა თუ არა ფინეთის კანონმდებლობა უცხო ქვეყანაში ციხის სივრცის იჯარით აღების უფლებას.
ამასთან, როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ფინეთი ესტონეთთან შეთანხმებიდან ეკონომიკურად სარგებელს ვერ მიიღებს, რადგან ესტონეთში პატიმრის შენახვის საშუალო ღირებულება 8500 ევრომდე აღწევს, ფინეთში კი 6300 ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ახლახან ესტონეთსა და შვედეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, შვედეთი ტარტუს ციხეში განათავსებს პატიმრებს და სანაცვლოდ თითოეულზე 8500 ევროს გადაიხდის (შვედეთს პატიმრის შენახვა თვეში 11500 ევრო უჯდება) უფრო ადრე დანიას და კოსოვოს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ძალითაც კოსოვო 10-წლიანი იჯარით გადასცემს ციხის 300 საკანს დანიას და სანაცვლოდ 210 მილიონ ევროს მიიღებს.