ესტონეთსა და შვედეთს შორის მოლაპარაკების პროცესში მყოფი ახალი შეთანხმების ფარგლებში, ესტონეთი ტარტუს ციხეში 600-მდე შვედ კრიმინალს განათავსებს. კანონპროექტი პარლამენტშია გადაგზავნილი, - იტყობინება ესტონური მედია.
დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ციხეები გადატვირთულია, ესტონეთის ციხეებში კი ასობით თავისუფალი ადგილია. ერთ-ერთი მაგალითია სამხრეთ ესტონეთში მდებარე ტარტუს ციხე, რომელსაც 933 პატიმრის განთავსება შეუძლია, მაგრამ ამჟამად 600 თავისუფალი ადგილია.
იუსტიციის მინისტრ ლიისა-ლიე პაკოსტას თქმით, შვედეთთან შეთანხმება ესტონეთისთვის „სასარგებლო“ იქნება და ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. პატიმრები „დაბალი რისკის“ კატეგორიაში არიან და ორივე ქვეყანა ერთობლივად შეთანხმდება, თუ ვის გაგზავნიან ტარტუს ციხეში. „მაღალი რისკის ან უსაფრთხოებისთვის საშიში პირები“ მიღება არ მოხდება. სასჯელის დასრულებამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე, პატიმრები შვედეთში დაბრუნდებიან. შვედეთი დაფარავს პატიმრების საცხოვრებლის, კვების, ზედამხედველობის და სამედიცინო მომსახურებს ხარჯებს. შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს ტარტუში 400 სამუშაო ადგილის შექმნას და ციხის შენობების შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია ესტონეთის შიდა უსაფრთხოებისთვის.
ესტონეთის მედია აღნიშნავს, რომ ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან წინააღმდეგობაში შვედეთის მთავრობის განცხადება, რომლის თანახმადაც, შვედეთს, მკვლელობიდან დაწყებული სექსუალური ძალადობით დამთავრებული დანაშაულებისთვის მსჯავრდადებული 18 წელზე უფროსი მამაკაცების ესტონეთის ციხეებში გაგზავნა შეუძლია.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ თანახმად, შვედეთი ესტონეთს თითოეულ პატიმარზე თვეში 8,500 ევროს გადაუხდის. შვედეთში პატიმრის შენახვა თვეში 11500 ევრო ღირს.