შვედეთის საპარლამენტო არჩევნების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ გამარჯვებულ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა მთავრობის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ კოალიციაში შემავალი ოთხმა პარტიამ ახალი მთავრობის ფორმირების გეგმა წარადგინა.
პარტია „ზომიერების" ლიდერმა ულფ კრისტენსონმა დამსწრეთ აჩვენა დოკუმენტი სახელწოდებით „ტიდოს შეთანხმება: შეთანხმება შვედეთისთვის", რომელშიც თავმოყრილია კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებები.
პარტიებს შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი იქნება, მთავრობაში კი „ზომიერებთან" ერთად შევლენ „ქრისტიან-დემოკრატების" და „ლიბერალების" წარმომადგენლები.
კოალიციაში შემავალი „შვედეთის დემოკრატები" მთავრობაში არ იქნებიან. მათი ლიდერის, იიმი ოკესონის თქმით, პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილება იყო და არა მთავრობაში ყოფნა. თავშესაფრის უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ შვედეთში არსებული რეგულაციები არ უნდა იყოს უფრო მეტად ლმობიერი, ვიდრე ამას ევროკავშირის კანონმდებლობა გვთხოვს, - აღნიშნა ოკესონმა.
ულფ კრისტერსონის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ 7 პროექტის, აგრეთვე ბიუჯეტის საკითხში.
შვედური პრესა აღნიშნავს, რომ ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობის დაცვის და კლიმატის საკითხები და საჭიროა ამ კუთხით მასშტაბური რეფორმების განხორციელება.
შვედეთის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი ება ბუში ამბობს, რომ შვედეთი მონაწილეობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა.
ბუშის თქმით, შვედეთი წიაღისეული საწვავისგან მთლიანად თავისუფალი უნდა გახდეს. ამის გაკეთების ერთ-ერთი გზა კი არის მეტი ატომური ელექტროსადგურების აშენება.
ლიბერალები აქცენტს განათლებაზე აკეთებენ. განათლება - სამართლებრივი, სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ყველაზე კარგი პოლიტიკა.
ახალი მთავრობა მხარს დაუჭერს მედიის თავისუფლების დაცვას, გააძლიერებს აბორტის უფლების კონსტიტუციური დაცვას და გაზრდის სასამართლოს დამოუკიდებლობას. ერთიანობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს სპორტი, - ამბობს ლიბერალების ლიდერი იოჰან პერსონი.
შვედეთის დემოკრატები, რომელთა როლიც სამთავრობო კოალიციის შენარჩუნებაში უმნიშვნელოვანესია, მიიჩნევენ, რომ უპირველესი ამოცანა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაა.
შვედეთის პრესის ინფორმაციით, მთავრობა დევნილების წლიურ კვოტას ახლანდელი 6400-დან 900-მდე შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა მემარჯვენე ძალების კოალიციამ 176 მანდატი მიიღო (16 - ლიბერალები, 19 - ქრისტიან-დემოკრატები, 68 - ზომიერები, 73 - შვედეთის დემოკრატები) - სამით მეტი, ვიდრე მემარცხენე კოალიციამ.