ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრესა ავრცელებს.
უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი გადადგომა გასული წლის აპრილში რომის პაპ ფრანცისკოს ვიზიტის წინ შეწყალებული ორი ათეული პირიდან ერთ-ერთის ვინაობის გამჟღავნების შედეგად აგორებულმა მძლავრმა პროტესტმა განაპირობა.
„გასული წლის აპრილში გადავწყვიტე შეწყალება, რადგან მივიჩნიე, რომ მსჯავრდადებულმა ბოროტად არ გამოიყენა მისთვის მინდობილი ბავშვების დაუცველობა. მე ვცდებოდი, რადგან შეწყალების გადაწყვეტილება და მისი დაუსაბუთებლობა იძლეოდა საფუძველს პედოფილიის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ეჭვის გასაჩენად და ეს მაშინ, როცა ნულოვან ტოლერანტობაში საეჭვო არაფერია და არც შეიძლება იყოს. არასოდეს ვაპატიებ იმას, ვინც, ჩემი აზრით, ძალადობს ბავშვებზე ფიზიკურად თუ გონებრივად. ასე იყო მაშინ და ასეა დღესაც, - განაცხადა კატალინ ნოვაკმა დღეს ნაშუადღევს, ვიდეომიმართვაში.
„ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენე და ნებისმიერ მსხვერპლს, ვინც შეიძლება იგრძნო, რომ მე მათ მხარი არ დავუჭირე. დღეს ბოლოჯერ მოგმართავთ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვტოვებ რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას", - დასძინა მან.
პრეზიდენტის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ პოსტი აგრეთვე დატოვა იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგამ, რომელმაც ხელი მოაწერა საკამათო საპრეზიდენტო შეწყალებას. ვარგა ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ და პარლამენტის წევრი იყო და, პრესის ცნობით, ევროპარლამენტის 9 ივნისის არჩევნებზე მმართველი პარტიების სიის ლიდერი უნდა ყოფილიყო.
პირი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, იმ ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე იყო, რომლის დირექტორიც რამდენიმე არასრულწლოვან ბიჭზე ძალადობდა. იგი ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ბავშვებზე, რათა მათ ჩვენებაზე უარი ეთქვათ და დირექტორის სასარგებლოდ მიეცათ ცრუ ჩვენება. ამის გამო მას 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პრეზიდენტმა იგი მაშინ შეიწყალა, როდესაც სასჯელის მოხდამდე ცხრა თვე იყო დარჩენილი.
რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი გადადგომა უამრავმა ადამიანმა მოითხოვა. პარასკევს შანდორის სასახლეში (პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია) დემონსტრაცია გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა.
ახალ პრეზიდენტს უნგრეთის პარლამენტი 30 დღის განმავლობაში აირჩევს.