ყაზახური სააგენტოები იუწყებიან, რომ 19 ივლისს, შავ ზღვაში, ყაზახეთის ნავთობგადამზიდ ტანკერებზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებები გაავრცელეს

19 ივლისს, შავ ზღვაში, კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალში ჩატვირთვის ოპერაციების დროს, ორ ტანკერს - ASIA-ს და NISSOS IOS-ს - უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ტანკერებზე ყაზახეთში წარმოებულ ნავთობი იტვირთებოდა და მათზე საერთაშორისო ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად გემებზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ეკიპაჟებმა სწრაფად ჩააქრეს. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გემებზე თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა, - წერს „ტენგრინიუსი“ და ავრცელებს ამონარიდს ენერგეტიკის და სამინისტროს განცხადებიდან:

„ამჟამად, ტერმინალში ნავთობის ჩატვირთვა შეჩერებულია ინციდენტის შედეგების შეფასების მოლოდინში. ნავთობის ჩატვირთვის განახლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოწოდებული იქნება ხელმისაწვდომობისთანავე.

ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს წმინდა სამოქალაქო კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ასეთ თავდასხმებს.

საერთაშორისო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება ქმნის რისკებს გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, არღვევს ენერგორესურსებით საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებელ მექანიზმებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს პროექტის მონაწილეთა ეკონომიკურ ინტერესებს“.

სააგენტოს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში ნავთობის ლეგიტიმური ტრანსპორტირების პროცესში ჩართულ სამოქალაქო გემებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებს.

„ჩვენ ასეთ თავდასხმებს ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური ინტერესების მიუღებელ ხელყოფად, ასევე ლეგიტიმური საერთაშორისო ვაჭრობის, გლობალური ენერგეტიკული ბაზრების და გლობალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებად მივიჩნევთ.

განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ, რომ ყველა დაინტერესებული მხარის მიერ ადრე შეთანხმებული მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებდა შავ ზღვაში კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალებში ნავთობის ჩასატვირთად შესული სამოქალაქო გემების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, განზრახ იგნორირებული იყო, რამაც საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო გემების ეკიპაჟების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთი „მოითხოვს თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყოვლისმომცველი ზომების მიღებას ყაზახეთის ნახშირწყალბადების ექსპორტის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.