ჩვენ ვუყურებთ ევროკავშირის ქსელის გაფართოებას სტაბილურობისა და უსაფრთხოების დანერგვის მიზნით, ეს ყოველთვის ადვილი არ არის. არსებობს შეზღუდვები ან დაბრკოლებები, მაგრამ არის პოლიტიკური ნება ჩვენი საზღვრების გასახსნელად, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური სიტუაცია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე განაცხადა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელმა ორ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაგან პირველი უკრაინის მიმართ ევროკავშირის დახმარებას ეხებოდა, მეორე კი – ევროკავშირის გაფართოების საკითხს.
„უკრაინის წინააღმდეგ ომმა მთლიანად შეცვალა ევროპული პარადიგმა, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ არა ნატო-მ, არამედ ევროკავშირმა გადაწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიცემა. ეს უპრეცედენტო იყო. ეს არ იყო ნატო, ეს იყო ევროკავშირი, რადგან ჩვენ გვინდოდა დავხმარებოდით უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში. დიახ, ეს იყო ევროპული საყრდენი. ჩვენ გვინდოდა ძლიერი ვყოფილიყავით. ეს იყო პირველი ელემენტი. მეორე ელემენტი – მე აქ ვარ საქართველოს პრეზიდენტის გვერდით. ჩვენ ასევე, ვუყურებთ ევროკავშირის ქსელის გაფართოებას სტაბილურობისა და უსაფრთხოების დანერგვის მიზნით. დიახ, ეს რთული იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყოველთვის ადვილი არ არის. არსებობს შეზღუდვები ან დაბრკოლებები, მაგრამ არის პოლიტიკური ნება ჩვენი საზღვრების გასახსნელად, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური სიტუაცია“, – განაცხადა მიშელმა.