საუდის არაბეთის სასამართლომ მასწავლებელ მუჰამედ ალ-გამდის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა Twitter-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო. ამის შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch იტყობინება.

განაჩენის თანახმად, 54 წლის პენსიაზე გასულ მასწავლებელ ალ-გამდის ბრალი წაუყენეს "მეფისა და მეფისნაცვლის ისეთი აღწერილობის გამო, რომელიც ძირს უთხრის რელიგიასა და კანონს, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირისა და ტერორისტული დანაშაულის ჩადენის განზრახვით ყალბი ამბების გამოქვეყნების გამო".

მტკიცებულების სახით პროკურატურამ მოიყვანა რამდენიმე ტვიტი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო სამეფო ოჯახი და რომელიც ითხოვდა სასულიერო პირის გათავისუფლებას, რომელსაც ასევე სიკვდილით დასჯა ემუქრება. შეტყობინებები ნაპოვნი იქნა ალ-გამდის Twitter-ის ორ გვერდზე, ერთს ორი მიმდევარი ჰყავს, მეორეს კი - რვა. 

ალ-გამდის ძმა, საიდ ბინ ნასერ ალ-გამდი, ცნობილი ისლამური მეცნიერი და მთავრობის კრიტიკოსია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. იგი წერს, რომ სიკვდილით დასჯა მას მას მერე მიუსაჯეს, რაც ხელისუფლების მიერ მისი სამშობლოში დაბრუნების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. Human Rights Watch-ის ცნობით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ, გადასახლებული კრიტიკოსების ოჯახების წინააღმდეგ, წარსულში მიიღო ზომები, რათა ისინი აიძულონ, რომ დაბრუნდნენ.

ალ-გამდის სასიკვდილო განაჩენი საუდის არაბეთში ყველაზე მკაცრი სასჯელია. მანამდე ორ საუდელ ქალს - ნურა ბინ საიდს და სალმა ალ-შეჰაბს, ინტერნეტში გაკეთებული განცხადებების გამო, 45 და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.