საქართველო 2027 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას აძლიერებს და ამით საერთაშორისო იზოლაციის დაძლევას ცდილობს, თუმცა ევროკავშირი მხარს არ უჭერს - ამის შესახებ ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა Rapporteur-ი წერს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, გასულ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მიღებაზე, ქვეყნის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა.

„საქართველო დაინტერესებულია, 2027 წელს გახდეს ეუთოს თავმჯდომარე და მზად არის, ითანამშრომლოს ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა, რომლის სიტყვებსაც გამოცემა ციტირებს.

ეუთო, რომელიც ცივი ომის პერიოდში შეიქმნა და 57 მონაწილე სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორის ევროპას, აშშ-სა და რუსეთს, მთავარი მრავალმხრივი ფორუმია უსაფრთხოების საკითხებში. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორგანიზაცია ბოლო წლებში პარალიზებულია, რადგან ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით უნდა მიიღოს.

სწორედ ეს ჩიხი აძლევს საქართველოს შანსს. Rapporteur-ის ინფორმაციით, 2027 წლის თავმჯდომარეობაზე ჯერჯერობით ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი კვიპროსია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერა აქვს, თუმცა დიპლომატების ცნობით, მის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს.

„უთანხმოებამ ეუთო მომავალი თავმჯდომარის შესახებ კონსენსუსის გარეშე დატოვა, რამაც საქართველოს საშუალება მისცა, თავი ალტერნატივად წარმოეჩინა“, - წერს გამოცემა.

გამოცემამ ევროკავშირს ჰკითხა, კვლავ უჭერს თუ არა მხარს კვიპროსს და განიხილავს თუ არა ალტერნატიულ კანდიდატს ან ჩიხიდან გამოსვლის სხვა გზას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრესსპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა, არანაირი ინტერპრეტაცია გამორიცხა - პირველ კითხვაზე მოკლედ „დიახ“ უპასუხა, მეორეზე კი - „არა“.

როგორც Rapporteur-ი წერს, თბილისისთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი დიპლომატიური ტრიბუნა იქნებოდა იმ ფონზე, როცა მისი ურთიერთობები ევროკავშირთან და რამდენიმე დასავლურ მთავრობასთან გაუარესებულია. სტატიაში ხაზგასმულია, რომ „მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერდა დემოკრატიულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით გამოთქმული მწვავე კრიტიკისა და მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობების გამო“.

*ფოტოზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი (მარჯვნივ) და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი (მარცხნივ) ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე სხდომის შემდეგ ვენაში [Ahmet Serdar Eser / Anadolu via Getty Images]

წყარო: Rapporteur (ყოფილი Euractiv)

მოამზადა რაულ კაპანაძემ