ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული სააგენტოები ავრცელებენ.
გრენობლის მოსამართლე და მისი დედა, რომლებიც შუაღამისას სენ-მარტენ-ლე-ვინუს (იზერის დეპარტამენტი) მდებარე სახლიდან გაიტაცეს, დაახლოებით 30 საათის შემდეგ ბურგ-ლე-ვალანსში (დრომის დეპარტამენტი) მდებარე ავტოფარეხში დაშავებულები და გაკოჭილები იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა გამოსასყიდი ბიტკოინში მოითხოვეს.
ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შორის ღამეს, გრენობლის არასრულწლოვანთა სასამართლოს 35 წლის მოსამართლე და მისი დედა სენ-მარტენ-ლე-ვინუს (იზერის დეპარტამენტი) მდებარე სახლიდან სულ მცირე სამმა თავდამსხმელმა გაიტაცა. გაზეთ Le Dauphiné-ს ცნობით, დაახლოებით 30 საათიანი ძებნის შემდეგ, ქალები დაშავებულები და გაკოჭილები იპოვეს სახლიდან 90 კილომეტრში, ბურგ-ლე-ვალანსში (დრომის დეპარტამენტი) მდებარე ავტოფარეხში.
გამტაცებლებმა, რომლებსაც დღემდე აქტიურად ეძებენ, 1,6 მილიონი ევროს ეკვივალენტი ბიტკოინი მოითხოვეს. მოსამართლის პარტნიორი, რომელიც გატაცების დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, ხელმძღვანელობს კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვაში, ასევე უზრუნველყოფს საკონსულტაციო და საინვესტიციო პორტფელის მართვის მომსახურებას.
ინციდენტი დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელებმა კარი შეამტვრიეს და სახლში შევიდნენ. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ადგილზე სისხლის კვალი ჩანდა. ორივე ქალი მანქანის საბარგულში მოათავსეს. ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ რამდენიმე წამით მოჰკრა თვალი მამაკაცებს, რომლებსაც ვიღაც მიჰყავდათ.
როდესაც სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ, სახლი ცარიელი იყო. ლიონის პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და დაახლოებით 30 საათის შემდეგ, პარასკევს დილით, ორივე ქალი იპოვეს ბურგ-ლე-ვალანსის მთავარ ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხში. ორივე ქალს დაზიანებები აღენიშნებოდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია, გადაიხადეს თუ არა გამოსასყიდი. შუადღის მონაცემებით, დამნაშავეების ძებნა კვლავ მიმდინარეობდა. ლიონის პროკურატურა პრესკონფერენციას ამ საღამოს გამართავს.




