საფრანგეთში ცნობილი ფრანგი მხატვრის, პიერ-ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვეს, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ კანი-სიურ-მერის მუზეუმიდან მოიპარეს. ამის შესახებ ამავე ქალაქის მერმა, ბრაიან მასონმა განაცხადა.
"ეს ორი ნახატი უბრალოდ ხელოვნების ნიმუშები არ არის. ეს ჩვენი ქალაქის ისტორიისა და ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია, — ციტირებს მის სიტყვებს სააგენტო AFP. — იმის გააზრება, რომ ისინი ნაპოვნია, უდიდესი შვებაა".
მასონს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად აღმოაჩინეს ტილოები და არც სხვა დეტალები დაუსახელებია — თავის განცხადებაში მან მხოლოდ მაღალი შეფასება მისცა გამომძიებლების მუშაობას, რომლებმაც როგორც ნახატებს, ისე ეჭვმიტანილებსაც მიაგნეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო AP. მოგვიანებით, პარასკევს, კანი-სიურ-მერის მერი ამ საკითხზე პრესკონფერენციას გამართავს. მარსელის პროკურატურას, რომელიც გამოძიებას უძღვება, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ორი დღით ადრე ცნობილი გახდა რენუარის სახლ-მუზეუმის დაყაჩაღების საქმეზე ექვსი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
ორმა უცნობმა პირმა მხატვრის მუზეუმში, კანი-სიურ-მერში შეაღწია. მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ ვიდეოთვალთვალის კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ბოროტმოქმედებმა გაქცევა გადაწყვიტეს. გზად მათ ბაღში დატოვეს ოთხი მოპარული ტილოდან ორი: "მადამ სტეფან პიშონის პორტრეტი" და "კოკო კითხულობს", რომელზედაც მხატვრის უმცროსი ვაჟი, კლოდ რენუარია გამოსახული.
მძარცველებმა მხოლოდ ორი ნახატის წაღება შეძლეს: "მადამ კოლონა რომანო" და "ახალგაზრდა ქალი ჭასთან". მათი საერთო ღირებულება 8 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ძარცვის გამოძიება გასაიდუმლოებულად მიმდინარეობდა, რაც აუცილებელი იყო სავარაუდო დამკვეთების კვალზე გასასვლელად.
რენუარის მუზეუმი 1960 წელს გაიხსნა ვილაში, სადაც იმპრესიონიზმის ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. მისი კოლექცია ასევე მოიცავს სხვა ფრანგი მხატვრების, მათ შორის არისტიდ მაიოლის, პიერ ბონარისა და რაულ დიუფის ნამუშევრებს.




