საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, პოლიციამ 135 ადამიანი დააკავა.

ლორან ნუნიესის ინფორმაციით, ამ დრომდე საფრანგეთის ქუჩებში 35 000 ადამიანი იმყოფებოდა, მაშინ როდესაც გასულ კვირას, იმავე დროისთვის, აქციებში 60 000 ადამიანი მონაწილეობდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა, თუმცა სამართალდამცველებისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და შესაძლო დარღვევებზე მკაცრი რეაგირების მითითება კვლავ ძალაშია.

მისივე თქმით, უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გაძლიერდა, მათ შორის, ხალხმრავალი ადგილებისა და ადამიანთა გადაადგილების კონტროლის მიმართულებით. ნუნიესის ინფორმაციით, საფრანგეთის დიდ ქალაქებსა და საავტომობილო გზებზე ჩხრეკა და შემოწმებები ჩატარდა. მხოლოდ პარიზის რეგიონში 1000-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს.

„ჩვენ არ შევეგუებით არანაირ გადაცდომას ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. განსაკუთრებულ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველგან, სადაც აქციებია დაგეგმილი“, – განაცხადა ლორან ნუნიესმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების მასშტაბური ზომები მიიღეს ბიზნესის დასაცავადაც, მათ შორის, ქალაქის ცენტრების მიმდებარე ტერიტორიებზე.