საფრანგეთის ქალაქ ნოი-სიურ-მარნის მერმა, ზარტოშტ ბახტიარიმ ადგილობრივი პარკის გადაწვაში ეჭვმიტანილი სამი არასრულწლოვნის ოჯახებს 415 000 ევროს ოდენობის ინვოისი გაუგზავნა.
ინციდენტი ივლისის ბოლოს, სიცხეების პერიოდში მოხდა, როდესაც 10 და 11 წლის ბავშვებმა პიროტექნიკის (ფეიერვერკების) გამოყენებით „33 ჰექტარის პარკში“ ხანძარი გააჩინეს.
ხანძარმა რამდენიმე ჰექტარი მცენარეულობა და 150-მდე ხე გაანადგურა.
მერის განცხადებით, ზარალის ოდენობა დამოუკიდებელი ექსპერტიზის საფუძველზე გაითვალა და მუნიციპალიტეტს არ აქვს სურვილი, მიყენებული ზიანი ადგილობრივი გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან ანაზღაურდეს.
ქალაქის ხელმძღვანელი საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც მშობლები სრულად არიან პასუხისმგებელნი თავიანთი შვილების მიერ მიყენებულ ზიანზე.
ამ გადაწყვეტილებას ოჯახების ადვოკატების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. დაცვის მხარის განცხადებით, მერის ქმედება და პიარკამპანია საზოგადოებრივ რიტორიკასა და პოპულიზმზეა დაფუძნებული.
ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მოთხოვნილი თანხის ოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა და მერის საჯარო გამონათქვამები არღვევს სამართლებრივ პროცედურებს.




