ამის შესახებ ფრანგული საინფორმაციო საიტი actu იუწყება.

ყოველ 1 თებერვალს ტაქსების ფასები იცვლება და ხშირად რამდენიმე ცენტით იზრდება. გამონაკლისი არც ეს წელია, - წერს actu და მკითხველს 2024 წლის 22 იანვარს ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებული დადგენილებით გადაფასებული რიგი ტარიფების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

2023 წელს მგზავრობის მინიმალური ფასი 7,30 ევრო იყო, 2024 წლის 1 თებერვლიდან კი 8 ევრო გახდება.

მრიცხველზე მგზავრის აყვანის მომენტში ადრინდელი 4,18 ევროს ნაცვლად 4,40 დაიწერება.

კილომეტრის მაქსიმალური ფასი ადრე არსებული 1,21 ევროს ნაცვლად 1,27 ევრო გახდება

საათობრივი ფასი, კერძოდ, ნელი სვლის (საცობის შემთხვევაში) და ლოდინის პერიოდი 38,96 ევროდან 412,06 ევრომდე მოიმატებს.

ზოგიერთ განსაკუთრებული შემთხვევისთვის დაწესებული დამატებით გადასახადები განსხვავდება ქალაქების მიხედვით.

მაგალითად, არაპარიზული ტაქსი იღებს დამატებით გადასახადს 2 ევროს ბარგისთვის და 4 ევროს ყოველ მგზავრზე (ხუთიდან).

პარიზის ტაქსი იღებს დამატებით გადასახადს 4 ევროს დაუყოვნებლივ დაჯავშნისთვის, 7 ევროს წინასწარ დაჯავშნისთვის და 5,50 ევროს თითოეულ მგზავრზე (ხუთიდან).

აეროპორტებში ტაქსით მგზავრობის ფასები კვლავ ფიქსირებული იქნება:

პარიზიდან ორლის აეროპორტში მარჯვენა სანაპიროდან გამგზავრებისას 44 ევროს, ხოლო მარცხენა სანაპიროდან გამგზავრებისას - 36 ევროს.

მარჯვენა სანაპიროდან დე გოლის აეროპორტში ტაქსით მგზავრობის ფასი 56 ევრო იქნება, მარცხენა სანაპიროდან კი - 65 ევრო.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ფერმერთა გაფიცვა მიმდინარეობს, ტაქსის მძღოლებმა კი მათ სოლიდარობა გამოუცხადეს და შეუერთდნენ. ისინი, თავის მხრივ, ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულ ფონდის მიერ შემუშავებულ პაციენტების ტრანსპორტირების „არასამართლიან და მიუღებელ“ ფასებს აპროტესტებენ.

სოციალური ბიუჯეტის დაფინანსების ახალი კანონის მიხედვით, პაციენტებს, რომლებსაც სურთ ექიმთან ტაქსით მგზავრობის ღირებულების ნაწილი აუნაზღაურონ დაზღვევის გზით, მანქანის დაჯავშნა კერძო ონლაინ პლატფორმების საშუალებით მოუწევთ. შესაფერისი ეკიპაჟის გამოძებნის შემდეგ  მათ სხვა პაციენტებთან ერთად მგზავრობას შესთავაზებენ. ამჟამად დაზღვევა ანაზღაურებს მგზავრობის ღირებულების 55%-ს. ახალი წესების მიხედვით, პაციენტს მგზავრობის ღირებულების კიდევ უფრო ნაკლები თანხა აუნაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ ის ექიმის ცნობის გარეშე იტყვის უარს სხვა პაციენტთან ერთად მგზავრობაზე ან თუ მეორე მგზავრს არ აქვს სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის მათ მანქანაში ერთდროულად ყოფნას. 

ტაქსის მძღოლები უკმაყოფილოები არიან იმით, რომ მათ მოუწევთ ერთდროულად რამდენიმე პოტენციურად ინფექციური ადამიანის გადაყვანა.