საფრანგეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოხატა თავისი "ღრმა სინანული" საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) უახლეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. IOC-მ მიიღო ზომები რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დისკვალიფიკაციის პირობითად მოხსნის თაობაზე, რაც რუსი სპორტსმენების ოლიმპიურ ოჯახში სრულფასოვანი დაბრუნების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კრისტინ კოვენტრიმ განაცხადა, რომ კომიტეტის მიზანია, ყველა სპორტსმენს მისცეს ასპარეზობის შესაძლებლობა, მიუხედავად გეოპოლიტიკური ვითარებისა. თუმცა, ამ ნაბიჯმა საფრანგეთის ოფიციალური პირების უკმაყოფილება გამოიწვია. პარიზი, რომელიც 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი იყო, ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომი და ოლიმპიური ქარტიის წინა წლებში განხორციელებული დარღვევები კვლავ უმძიმეს საკითხად რჩება.
რუსეთის სპორტის მინისტრმა, მიხაილ დეგტიარევი IOC-ის გადაწყვეტილებას მიესალმა და მას "მწვანე შუქი" უწოდა.
აღსანიშნავია, რომ რუსი სპორტსმენები ბოლო პერიოდის განმავლობაში შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, IOC-ის ახალი პოზიცია 2028 წლის ლოს-ანჯელესის თამაშების კონტექსტში ახალ დებატებს ბადებს იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის ოლიმპიური მოძრაობის სრულფასოვანი აღდგენა იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომი და დოპინგ-სკანდალების მძიმე მემკვიდრეობა დღის წესრიგში რჩება.
საფრანგეთის ეს პოზიცია მკვეთრად განსხვავდება ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიდგომისგან და აჩვენებს ოლიმპიურ მოძრაობაში არსებულ ღრმა განხეთქილებას, რომელიც სავარაუდოდ, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.




