რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და მის შემოგარენზე მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. კიევის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ქალაქის მიმართულებით როგორც ფრთოსანი, ისე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, აქტიურად მუშაობდნენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰსთ) სისტემები.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 8 ადამიანი (7 უშუალოდ დედაქალაქში, 1 კიევის ოლქის ბუჩის რაიონში).

დაშავებულთა რაოდენობა 34-ს აჭარბებს, მათ შორის არიან ბავშვები.

ვინაიდან ნანგრევების გაწმენდა და სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

იერიშის შედეგად სერიოზულად დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა. ნგრევა და ხანძრები დაფიქსირდა კიევის თითქმის ყველა რაიონში, 30-ზე მეტ ლოკაციაზე.

ნაწილობრივ ჩამოინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები პოდოლისა და დარნიცის რაიონებში. კიევის ოლქში კი დაზიანდა ათეულობით კერძო სახლი.

ხანძარი გაჩნდა საწყობებზე ობოლონში, დაზიანდა სასწრაფო დახმარების სადგური და სასტუმრო ქალაქის ცენტრში.

მთლიანად განადგურდა "წითელი ჯვრის" მთავარი ჰუმანიტარული ლოგისტიკის ცენტრი.

შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია ყველა საგანგებო სამსახური, მაშველები და მედიკოსები. მოსახლეობას მოუწოდებენ, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების წესები და საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებს შეაფარონ თავი.