ამის შესახებ კოლუმბიური გამოცემა El Tiempo წერს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე მკაცრი სასჯელი, რაც კი ოდესმე რუსეთის წინააღმდეგ დაქირავებით მებრძოლისთვის გამოუტანიათ.
ოკუპირებული დონეცკის ოლქის დე ფაქტო მმართველი ხელისუფლების სასამართლომ კოლუმბიის მოქალაქე ოსკარ მაურისიო ბლანკო ლოპესს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის. აღმოსავლეთ უკრაინაში დაკავებულ რამდენიმე უცხოელ მებრძოლს რუსეთი როგორც დაქირავებულებს ასამართლებს და ამგვარად უხსნის მათ ჟენევის კონვენციით დაცული სამხედრო ტყვეობის სტატუსს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, დონეცკის სასამართლომ ბლანკო ლოპესი დამნაშავედ ცნო „შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სტატუსით“ მონაწილეობისთვის.განცხადებაში ნათქვამია, რომ 42 წლის მამაკაცმა 2024 წლის მაისში უკრაინის არმიასთან კონტრაქტი გააფორმა „რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“ საბრძოლველად და 2024 წლის დეკემბერში იგი დონეცკის რეგიონში დაატყვევეს.
რუსული წყაროების ცნობით, ბლანკო ლოპესმა სრულად აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ კოლუმბიაში არსებული ფინანსური სირთულეების გამო გადაწყვიტა დაქირავებული მებრძოლი გამხდარიყო. ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის.
რუსეთი სისტემატურად უკრაინულ არმიაში მებრძოლ უცხოელებს „დაქირავებულ მებრძოლებად“ მიიჩნევს, რაც მისი კანონმდებლობით დასჯადი დანაშაულია.
2022 წელს უკრაინაში რუსული შეტევის დაწყებიდან რამდენიმე უცხოელი ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე მდებარე სასამართლოებში წარდგა. დეკემბერში ბრიტანეთის მოქალაქეს და ჩეხეთის მოქალაქეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხოლო ნოემბერში კიდევ ორ კოლუმბიელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2024 წლის ოქტომბერში კი 70 წლის ამერიკელს 6 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - წერს El Tiempo.




