რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესვლა აშშ-ის 92 მოქალაქეს, მათ შორის The Wall Street Journal-ის, The Washington Post-ისა და The New York Times-ის არაერთ ჟურნალისტს აუკრძალა.
საგარეო უწყების ცნობით, "ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაიდენის ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის საპასუხოდ“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ამერიკული გამოცემების ჟურნალისტები, რომლებსაც რუსეთში შესვლა აეკრძალათ, ჩართულნი არიან რუსეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკების“ წარმოებასა და გავრცელებაში, ვაშინგტონის მიერ გაჩაღებული „ჰიბრიდული ომის საქმეში.“
„სტოპ სიაში“ ასევე შედიან სამართალდამცავი უწყებებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების ხელმძღვანელები და ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღს აწვდიან.