რუსეთის სასამართლომ ნავალნის დედის სარჩელი ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის თანაშემწე, ივან ჟდანოვი ავრცელებს. 

ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია ციხის მცველებს, სადაც რუსი ოპოზიციონერი იხდიდა სასჯელს, სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ციხის თანამშრომლებმა ალექსეი ნავალნის საჭირო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. 

ჟდანოვის თქმით, სასამართლომ განმარტა, რომ მსგავსი სარჩელის შეტანის უფლება მხოლოდ ალექსეი ნავალნის აქვს და სწორედ ამიტომ არ მიიღო ლუდმილა ნავალნაიას სარჩელი განხილვაში. 

ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ალექსეი ნავალნის ნათესავებმაც შეიტანეს. ისინი ციხის თანამშრომლებს გარდაცვლილი ოპოზიციონერის ოჯახისთვის დროულად არგადაცემის გამო ცხედრის წაბილწვაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი ცხედარი გადასცეს დედას, რომელსაც შვილის სხეულს რამდენიმე დღე არ აჩვენებდნენ.