24 ოქტომბერს, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის რამდენიმე ოლქის სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

სუმის ოლქის კონოტოპის რაიონში ოკუპანტების დრონი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმას დაეცა.

"დაიღუპა საწარმოს 31 წლის თანამშრომელი, კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. ორი დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია", — განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა. მისივე ცნობით, იერიშის შედეგად დაიხოცნენ და დაშავდნენ ცხოველებიც.

გარდა ამისა, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, შოსტკინის თემში უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ბინა და სახურავი დაიწვა. მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა და ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს. დღის განმავლობაში საოკუპაციო არმიამ კერძო საცხოვრებელ სექტორსაც დაარტყა, რის გამოც, ორი სახლი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

ხარკოვის ოლქში, ქალაქ ლოზოვაში, ოკუპანტების რაკეტა სასაწყობე შენობას მოხვდა. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით: "თავდასხმის შედეგად 45 წლის მამაკაცი დაიღუპა, კიდევ ორმა კი ჭრილობები მიიღო და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს". გარდა ამისა, ხარკოვის ოლქის დერგაჩიში, დაბომბვის შედეგად, სამი მამაკაცი დაშავდა.

ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ოკუპანტების სამიზნე ოსნოვიანსკის, ინდუსტრიული და ნოვობავარსკის რაიონები გახდა.

დნიპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვოში, დრონით დარტყმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 12 კი — დაშავდა.

დღის განმავლობაში იერიში ასევე მიიტანეს ქალაქ დნიპროს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ნიკოპოლის რაიონის პოკროვსკის თემში კი, სასურსათო მაღაზიაზე დრონით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 14 წლის მოზარდია.

კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ობოლონსკის რაიონში კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი ჰოსპიტალიზებულია.