ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხსდა.

„მართლაც, პრეზიდენტმა პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის შესახებ. ამჟამად ჩვენ შეთავაზების ყველა დეტალს ვსწავლობთ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ამერიკულ მხარესთან ითანამშრომლებს შეთავაზების ყველა ნიუანსის გასარკვევად.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ცნობას, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ღაზის სექტორისთვის შეთავაზებული მოდელის მსგავს პრინციპზე დაფუძნებულ გაფართოებულ „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა 60 ქვეყანა მიიწვია. 

უკრაინასა და რუსეთს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის ინსტრუმენტად მიჩნეულ და შემდგომში მთელ მსოფლიოში კონფლიქტების მოგვარების მიზნით ჩაფიქრებულ „მსოფლიო საბჭოში“ მიწვევას მსოფლიო ლიდერები სიფრთხილით ეკიდებიან, - წერს „როიტერი“ და აღნიშნავს, რომ გეგმა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გაეროს მუშაობას, უპირობოდ მიიღო მხოლოდ უნგრეთმა - ქვეყანამ, რომლის ლიდერიც ტრამპის ახლო მოკავშირეა.
 
საბჭოს მუდმივი წევრობა ხელმისაწვდომია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც 1 მილიარდ დოლარს გადაიხდიან. საბჭო ღაზას სექტორში მუშაობას დაიწყებს და სხვა კონფლიქტებსაც მოიცავს. დონალდ ტრამპი თავმჯდომარედ სამუდამოდ დარჩება.