ევროკავშირისა და გერმანიის დიპლომატიური წარმომადგენლობები კიევში დარჩებიან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი მუქარის მიუხედავად. "რუსეთს აქვს გზავნილი კიევში მყოფი უცხოელი დიპლომატებისთვის: წადით, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებთ. ჩვენი პასუხია - ჩვენ ვრჩებით. ევროკავშირის წარმომადგენლობა რჩება", - დაწერა კვირას ევროკავშირის ელჩმა უკრაინაში კატარინა მატერნოვამ X პლატფორმაზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა კიევში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მუქარა ვერ შეაჩერებს ევროპის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელიც უკვე 4,5 წელზე მეტია იცავს თავს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან. "ისინი მხოლოდ შეგვახსენებენ, თუ რატომ არის ეს მხარდაჭერა ასე მნიშვნელოვანი", - დასძინა მან.

ამის შემდეგ მალევე, გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ბორის რუგემ განაცხადა, რომ არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო აპირებს კიევის დატოვებას. მან გააზიარა მატერნოვას განცხადება და დაამატა: "ამინ, ჩვენ ვრჩებით". ამით მათ უარყვეს ცნობები საელჩოების უკრაინის დასავლეთით ან პოლონეთში გადატანის გეგმის მომზადების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ოქტომბერს გაიმეორა ჯერ კიდევ მაისში გაკეთებული გაფრთხილება და მოუწოდა უცხოელ მოქალაქეებსა და დიპლომატებს, დატოვონ კიევი და თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან.

მუქარის მიუხედავად, 4 ოქტომბრის დილით კიევში ჩავიდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელსაც თან ახლდნენ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი კატარინა რაიხე და გერმანული თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებისგან შემდგარი დელეგაცია, რათა უკრაინისთვის დახმარების ახალი მასშტაბური პაკეტის შესახებ გამოეცხადებინათ. უსაფრთხოების მიზნით, მერცის ვიზიტის შესახებ წინასწარ არ გამოცხადებულა.

მერცის ვიზიტი საჰაერო განგაშის სიგნალების ფონზე მიმდინარეობს. იმავე დღეს რუსეთმა მორიგი დარტყმა მიაყენა კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთის ხიდს. ეს ფრიდრიხ მერცის მეორე ვიზიტია უკრაინაში გერმანიის ფედერალური კანცლერის რანგში. ის პირველად კიევში 2025 წლის მაისში ჩავიდა, ბუნდესტაგში კანცლერის ფიცის დადებიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ. როგორც dpa წერს, ფედერალური კანცლერის ამჟამინდელი გამგზავრება კიევში ყველაზე საშიშია ომის დაწყების დღიდან.