ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული

„25 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს შვედეთის ელჩი რუსეთში მალენა მარდი, რომელსაც განუცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ შვედეთის მიერ გატარებული კონფრონტაციული კურსის გათვალისწინებით, რუსულმა მხარემ 2023 წლის 1 სექტემბრიდან გეტებორგში რუსეთის გენერალური საკონსულოს საქმიანობის შეწყვეტა გადაწყვიტა. ამავდროულად, შვედეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს ეცნობა 2023 წლის 1 სექტემბრიდან რუსული მხარის მიერ სანქტ-პეტერბურგში შვედეთის გენერალური საკონსულოს საქმიანობაზე თანხმობის გაწვევის შესახებ.

2023 წლის 25 აპრილს შვედეთში რუსეთის საგარეო მისიის ხუთი თანამშრომლის განცხადება „პერსონა ნონ გრატად“ შეფასდა, როგორც აშკარად მტრული ნაბიჯი სტოკჰოლმის მხრიდან. შვედეთის ხელისუფლების ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია ორმხრივ ურთიერთობებში, რომელმაც მიაღწია უპრეცედენტო დაბალ დონეს, მათ შორის შვედეთში მიმდინარე რუსოფობიური კამპანიის შედეგად.

შვედეთის ელჩს აცნობეს, რომ რუსულმა მხარემ, საპასუხოდ, გადაწყვიტა გამოეცხადებინა „პერსონა ნონ გრატად“ ხუთი შვედი დიპლომატი, მათ შორის მოსკოვში შვედეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის სამი თანამშრომელი. მათ ევალებათ დატოვონ რუსეთის ფედერაცია იმავე ვადაში, რაც შვედეთის ხელისუფლებამ გამოყო ჩვენი თანამშრომლების გასასვლელად", - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის  საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის თქმით, რუსეთის ეს გზავნილი მისი „საერთაშორისო იზოლაციის" დადასტურებაა.  

„რუსული გზავნილი ძალიან სამწუხაროა. რუსეთმა გადაწყვიტა გააძევა შვედი დიპლომატები, რომლებიც მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში და ახორციელებდნენ ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას რუსეთში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მეშვეობით გავრცელებულ ტობიას ბილსტრომის კომენტარში.