რუსეთში, გასვლით ტურიზმზე ორიენტირებული ტურისტული კომპანიების რიცხვი განახევრდა. წლის განმავლობაში, 2014 წლის ზაფხულის შემდეგ, 2000 კომპანიიდან დღეს ბაზარზე 900 დარჩა. ამის შესახებ ქვეყნის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცეპრეზიდენტმა დიმიტრი გორინმა განაცხადა.
ასოციაციაში მიზეზად ტურისტულ მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებენ - კომპანიების შეთავაზების მოცულობა ბევრად აღემატებოდა მსურველთა რიცხვს.
რუსსტატის ინფორმაციით, ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხვი წლის განმავლობაში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33,8 პროცენტით შემცირდა და 5,49 მილიონი ადამიანი შეადგინა. ეს ყველაზე დიდი შემცირებაა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ყველაზე პოპულარული მარშრუტების სიაში კვლავ რჩება ეგვიპტე (1,054 მილიონი ადამიანი) და თურქეთი (1,031 მილიონი ადამიანი).
ასოციაციაში ტურისტული ნაკადების შემცირებას რუბლის ინფლაციის მაღალ დონეს და მოქალაქეების შემოსავლის მკვეთრ კლებას აბრალებენ.