რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხერსონის თბოელექტროსადგურს თავს დაესხნენ, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა. ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხერსონი შესაძლოა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დიდი ხნით დარჩეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ პროკუდინი თავის ტელეგრამის არხზე იტყობინება.

„გუშინ ღამით რუსმა ჯარებმა კვლავ დაბომბეს ხერსონის თბოელექტროსადგური. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მაგრამ ამჯერად, სადგურმა სერიოზული ზიანი მიიღო.

ასე რომ, გულწრფელად ვიტყვი: ამ ზამთარში თბოელექტროსადგურის ან სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობის იმედი აღარ შეიძლება გვქონდეს...

ამიტომ, ნათლად უნდა ვთქვათ: ხერსონი შესაძლოა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩეს არა საათობით ან დღით, არამედ დიდი ხნის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ მივმართავ ხერსონის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებიანი და მოხუცებულთა ოჯახებს: თუ შესაძლებლობა გაქვთ, ან თუ ნათესავები ან მეგობრები გყავთ უსაფრთხო რეგიონებში, დატოვეთ ქალაქი", - ამბობს პროკუდინი და დასძენს, რომ ქალაქის ხელისუფლება, კომუნალური კომპანიები, ენერგომომწოდებლები და მთავრობა უკვე მუშაობენ ხერსონში ალტერნატიულ გათბობის და ელექტროენერგიის მიწოდების ვარიანტებზე.

ამავდროულად, მან განაცხადა, რომ ხერსონში უსაფრთხოების მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.

ცნობისთვის, 1 ივლისიდან ხერსონის რეგიონში უკვე 170 მართვადი საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. ბოლო ორი თვის განმავლობაში მტერმა 1700-ზე მეტი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. კერძოდ, მან აქტიურად დაიწყო Shahed-ისა და Gerber-ის ტიპის თვითმფრინავების გამოყენება ხერსონის რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად.

გარდა ამისა, სულ რაღაც ერთ კვირაში მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით თავდასხმების რაოდენობა 6500-მდე გაიზარდა.

პროკუდინის ამ კონკრეტული განცხადების წინ, 27 აგვისტოს, რუსეთის ჯარებმა კვლავ შეუტიეს ხერსონის თბოელექტროსადგურს და მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენებით მთლიანად გაანადგურეს და მწყობრიდან გამოიყვანეს სადგურში დარჩენილი სითბოს და ელექტროენერგიის გენერაციის ყველა მოწყობილობა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ