რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას ჩატარდება, საზღვარგარეთის უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა კი ხუთშაბათს დაიწყო და კვირას დასრულდება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ადგილობრივი დროით 14:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა საზღვარგარეთ მყოფმა (მცხოვრებმა) 383 223-მა რუმინეთის მოქალაქემ, რაც პირველ ტურში იმავე დროისთვის დიასპორის მიერ მიცემულ ხმების რაოდენობას 178 033-ით აღემატება.

ყველაზე მეტმა ამომრჩეველმა ხმა მისცა გაერთიანებულ სამეფოში (58 951 ), იტალიაში (57 186 ) და გერმანიაში (56 349 ).

მოლდოვაში 14:00 საათისთვის ხმა მისცა რუმინეთის მოქალაქეობის მქონე 51 888 -მა ამომრჩეველმა.

გუშინ, არჩევნების დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ ჯორჯ სიმიონის პარტიამ, „ალიანსი რუმინელთა კავშირისთვის“, გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოლდოვას ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი მაია სანდუ ნიკოშურ დანის სასარგებლოდ ამომრჩეველთა დარაზმვაში და ავტობუსებით მათი საარჩევნო უბნებში გადაყვანაში დაადანაშაულა.

„მათი მიზანია უნდობლობისა და მტრობის დანერგვა არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით. ცრუ ინფორმაციისა და ბრალდებების შესახებ ასეთი ცნობები წარმოადგენს ამომრჩევლების მანიპულირების სერიოზულ და აშკარა მცდელობებს და ძირს უთხრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ბუნებას. რუმინეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ, მათ შორის მოლდოვას რესპუბლიკაში, კარგ პირობებში აძლევენ ხმას რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში" - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯორჯ სიმიონის პარტიის ბრალდების საპასუხოდ.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმა მისცა 9 571 899-მა ამომრჩეველმა ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 53,19%-მა. ჯორჯი სიმიონმა მიიღო 3 862 761 ნამდვილი ხმა ანუ 40,96%, ნიკოშურ დანმა კი 1 979 767 ნამდვილი ხმა ანუ 20,99%. დიასპორის ხმების 61% (ანუ 586 896 ხმა) ჯორჯ სიმიონმა მიიღო, 25,44% ანუ 244,812 ხმა კი ნიკოშურ დანმა. ამასთან, მოლდოვაში ნიკოშურ დანმა მიიღო 52,63% ანუ 47 630 ხმა, ჯორჯ სიმიონმა კი 11 282 ხმა ანუ 12,47%.

არჩევნების წინ გაკეთებულ პროგნოზებში აღნიშნავდნენ, რომ ნიკოშურ დანს ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი იმ შემთხვევაში აქვს, თუ მკვეთრად გაიზრდება საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმა მისცა 90 851-მა ამომრჩეველმა, თუმცა მოლდაველების დაახლოებით 80%-ს რუმინეთის მოქალაქეობა აქვს და, შესაბამისად, შეუძლია ხმა მისცეს რუმინეთის არჩევნებში. მოლდოვაში, სადაც ჯორჯ სიმიონს შესვლა აკრძალული აქვს, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდა ნიკოშურ დანის წისქვილზე უნდა ასხამდეს წყალს.

რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე ამ დროისთვის (თბილისის დროით 15:43 საათი) საზღვარგარეთ მიცემული ხმების რაოდენობა 412.835-ს შეადგენს.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმის მიცემის უფლება გუშინ, 16 მაისს, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამოიყენა. მან ხმა მისცა ტირანაში, რუმინეთის საელჩოში, მას შემდეგ, რაც დაასრულა მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში.