რუმინეთმა, მაისში მთავრობის გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ფორმირება კიდევ ერთხელ ვერ შეძლო. პრემიერ-მინისტრის კანდიდატმა ზიგფრიდ მურეშანმა 30 სექტემბერს, რუმინეთის პარლამენტში ხმათა საჭირო უმრავლესობა ვერ მოაგროვა.

მის მხარდასაჭერად მხოლოდ 182 ხმა იყო, ხოლო წინააღმდეგ — 15.

ამასთან, ორივე პალატის 465 კანონმდებლიდან, სულ მცირე, 233 ხმის მიღება იყო საჭირო.

ახლა რუმინეთის პრეზიდენტს, ნიკუშორდანს უფლება აქვს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. თუმცა მას სხვა კანდიდატების შეთავაზებაც შეუძლია.

მანამდე, 5 მაისს, გადადგა რუმინეთის პროევროპული მთავრობა პრემიერ ილიე ბოლოჟანის ხელმძღვანელობით. კაბინეტს, რომელმაც ხელისუფლებაში მხოლოდ ათი თვე გაძლო, პარლამენტის დეპუტატებმა უნდობლობა გამოუცხადეს.

მეთვალყურეები აღნიშნავდნენ, რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი სამთავრობო კრიზისი, რომლებიც ქვეყანაში რეგულარულად ხდება. უკანასკნელად პრემიერ-მინისტრს თავისი პოსტი სრული ვადით 2004-დან 2008 წლამდე ეკავა. 2012 წლის შემდეგ კი არჩეული მთავრობის 11 ხელმძღვანელი და ამ თანამდებობის 7 დროებითი შემსრულებელი შეიცვალა.

სოციალ-დემოკრატები პრეზიდენტ დანის ნებისმიერ მცდელობას მთავრობის ფორმირების შესახებ კვლავ ბლოკავენ.

მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური ფრაგმენტაციის პირობებში, ვადამდელმა არჩევნებმა შესაძლოა, ულტრამემარჯვენეთა პოზიციების გაძლიერება გამოიწვიოს, აღნიშნავენ დამკვირვებლები.