საფრანგეთის პარლამენტის წევრის თანაშემწე იმ პირებს შორისაა, რომლებსაც ულტრამემარჯვენე აქტივისტის მკვლელობის გამო ბრალი წაუყენეს.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ლიონის პროკურორის, ტიერი დრანის განცხადებით, საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატის თანაშემწე, რომელიც ულტრამემარცხენე „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) პარტიის წევრთან მუშაობდა, იმ შვიდ ადამიანს შორისაა, რომლებსაც ულტრამემარჯვენე აქტივისტის გარდაცვალების შემდეგ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.
ცნობისთვის, 23 წლის სტუდენტი კვენტინ დერანი 14 თებერვალს გარდაიცვალა, ორი დღის შემდეგ, რაც ის ლიონში ნიღბიანი ახალგაზრდების დაჯგუფებამ სასტიკად სცემა. შემთხვევა ლიონის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში (IEP) მოხდა, სადაც დერანი ულტრამემარჯვენე ფემინისტური ჯგუფის დაცვაში მონაწილეობდა.
23 წლის სტუდენტისა და ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 11 ადამიანი. როგორც ფრანგული მედია წერს, დაკავებულებიდან შვიდი პირი უშუალოდ მონაწილეობდა გარდაცვლილი სტუდენტის ცემაში.
როგორც მედია წერს, ეს მკვლელობა უდიდეს ზეწოლას ახდენს პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთსა“ და პარტიის ვეტერან ლიდერზე, ჟან-ლუკ მელანშონზე, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატია.








