ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციაზე ათასობით მოქალაქე გამოვიდა. სტუდენტთა საპროტესტო აქციების მეოთხე დღეს დემონსტრანტები კვლავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას მოითხოვენ.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ნიღბიანი სტუდენტები განათლების სამინისტროს შენობის წინ პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმებს დაუპირისპირდნენ. დემონსტრანტებმა ჩაამსხვრიეს ფანჯრები. ინციდენტი მოხდა ერთ-ერთი ბანკის შენობასთანაც, სადაც სტუდენტები შეიჭრნენ.

ქალაქის მასშტაბით ზოგიერთ ფასადზე იყო წარწერები: „თქვენ გვერდით ვართ. გთხოვთ, ნუ დააზიანებთ ჩვენს ბიზნესებს“.

„140 დღეა, მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, მაგრამ ჩვენი ხმა არავის გაუგონია. ამიტომ ეს ჩვენი ერთადერთი შანსია, რომ მოგვისმინონ და მივიღოთ უფლებები, რომლებიც გვეკუთვნის“, – განუცხადა მედიას ერთ-ერთმა დემონსტრანტმა.

სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია ალბანეთის სანაპიროს ტერიტორიების გაყიდვა კურორტის ასაშენებლად. „როიტერის“ ცნობით, კურორტის მშენებლობის პროექტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უჭერს მხარს.

საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სანაპირო ქალაქ ლეჟაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ელბასანში, შკოდრასა და კორჩაში კი აქციის მონაწილეებმა ფანჯრები ჩაამსხვრიეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.