სირია მზად არის, რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამციროს, – ამის შესახებ „როიტერი“ სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„როიტერის“ ცნობით, ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიიდან ამოღების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებების ფარგლებში, სირიამ ვაშინგტონთან გამოთქვა მზაობა, მკვეთრად შეამციროს რუსული ნავთობის იმპორტი.

ამასთან, სააგენტოსთან საუბრისას სამივე წყარომ აღნიშნა, რომ აშშ-ს რუსული ნავთობის იმპორტის შემცირება სირიისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის წინაპირობად ოფიციალურად არ დაუსახელებია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონი სირიას მოუწოდებს, ქვეყნის აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესში ითანამშრომლოს სანდო კომპანიებთან, განსაკუთრებით ამერიკულ კომპანიებთან და ელოდება, რომ დამასკო აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაიცავს.

როგორც „როიტერს“ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა, სირიის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორთა სიიდან ამოღებასა და რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

სირიის ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი „როიტერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დამასკო უკვე ეძებს ახალ მომწოდებლებს და „რადიკალური ცვლილება“ მოსალოდნელია.