გერმანული შეიარაღების კონცერნი Rheinmetall ბულგარეთში საბრძოლო მასალების წარმოების ახალ ქარხანას გახსნის, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. კომპანია პროექტში ერთ მილიარდ ევროზე მეტის ინვესტიციას გეგმავს და საწარმოში დენთსა და საარტილერიო ჭურვებს NATO-ს ქვეყნების არმიების საჭიროებისთვის გამოუშვებს.

ბულგარეთის პარლამენტში უმსხვილესი პარტიის, გერბ-ის ლიდერმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვდა Rheinmetall-ის გენერალურ დირექტორს არმინ პაპერგერს, რათა განეხილათ ქარხნის მშენებლობა. ბორისოვის თქმით, მან მოლაპარაკებები გერმანულ კონცერნთან ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში დაიწყო.

მოსალოდნელია, რომ Rheinmetall-სა და ბულგარეთს შორის შეთანხმებები უახლოესი სამი კვირის განმავლობაში გაფორმდება.

"მოხარულები ვართ ბულგარეთში გამოცხადებული ნდობით და ვიმედოვნებთ, რომ გავხდებით ქვეყნის სანდო და ეფექტური პარტნიორი", - ციტირებს Reuters Rheinmetall-ის განცხადებას.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, Rheinmetall გახდა ევროპული ქვეყნების არმიების ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორი, რომლებიც ცდილობენ თავიანთი თავდაცვის შესაძლებლობების მოდერნიზებას.

მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გერმანული კონცერნი ზრდის საწარმოო სიმძლავრეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე და სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებს სხვა თავდაცვის კომპანიებთან. კერძოდ, იტალიურ კონცერნ Leonardo-სთან და ამერიკულ Lockheed Martin-თან.