Reuters-ის მიერ მოპოვებული მთავრობის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსეთი 2027 წელს თავდაცვაზე 17.1 ტრილიონი რუბლის (178 მილიარდი ევრო) დახარჯვას გეგმავს, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია თავდაპირველად ბიუჯეტში ჩადებულ 13.5 ტრილიონ რუბლზე. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დოკუმენტების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში თავდაცვის საერთო ხარჯები 50 ტრილიონ რუბლს შეადგენს. Reuters შეახსენებს მკითხველს, რომ 2026 წელს მთავრობა თავდაცვის მიზნებისთვის 12.1 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა რეალური თანხა გასაიდუმლოებულია. გარდა ამისა, სამხედრო ხარჯების ნაწილი შესაძლოა, ბიუჯეტის სხვა მუხლებშიც იყოს გადანაწილებული.

ამასთან ერთად, მთავრობამ გაზარდა 2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტის პროგნოზი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.2%-მდე (რაც მანამდე მშპ-ის 1.6%-ად ფასდებოდა). 2026 წელს საბიუჯეტო ხარჯები 13.2%-ით გაიზრდება და 48.6 ტრილიონ რუბლს (მშპ-ის 20.9%) მიაღწევს.

ბიუჯეტის კანონპროექტი სახელმწიფო დუმას 1 ოქტომბერს უნდა წარედგინოს. გასულ კვირას, არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ გამოაცხადა 2027 წელს გადასახადების ახალი ზრდის გეგმების შესახებ. რუსეთის ხელისუფლება ელის ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიარდი რუბლის დამატებით შემოსავალს მოგების ახალი გადასახადიდან, რომელიც სამთო-მეტალურგიული კომპლექსისა და სასუქების მწარმოებელ ცალკეულ სეგმენტებს დაეკისრებათ.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2027 წელს მთავრობა წმინდა სესხების გეგმას 26%-ით გაზრდის — 5 ტრილიონ რუბლამდე — და დეფიციტის შემცირებისთვის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური ნაწილის დაახლოებით 11%-ს (459 მილიარდ რუბლს) დახარჯავს.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ შეამცირა 2026 წლის ნავთობისა და გაზის შემოსავლების პროგნოზი 7.6 ტრილიონ რუბლამდე (მანამდე მოსალოდნელი 8.9 ტრილიონი რუბლიდან).

2027 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 21.7%-მდე უნდა გაიზარდოს (2026 წლის 19.9%-დან) და გადააჭარბოს 20%-იან ზღვარს, რომელსაც ხელისუფლება უსაფრთხოდ მიიჩნევს. სესხების საერთო მოცულობა 2027 წელს 43%-ით გაიზრდება და 7.7 ტრილიონ რუბლს მიაღწევს, წერს Reuters.