გამოცემა Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა რუსეთს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად Fath-360-ის ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადასცა, თუმცა მათთვის განკუთვნილი სარაკეტო გამშვებები არ გაუგზავნია.

როგორც დაზვერვის სფეროში მომუშავე ანონიმურმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბრისას თქვა, არ მოელიან, რომ ირანი რუსეთს მომავალში სარაკეტო გამშვებებს გადასცემს.

ორმა ექსპერტმა გამოცემასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამის ახსნა რამდენიმენაირად შეიძლება. მათი თქმით, ერთი მხრივ, შესაძლებელია, რომ რუსეთი ირანის მსგავსად მანქანების გადაკეთებას აპირებს, რათა მათზე რაკეტები განათავსოს. მეორე მხრივ, შესაძლოა, რომ ირანი ამით დასავლეთთან დაძაბულობის შემცირებაზე მოლაპარაკების ხელშეწყობას ცდილობს. 

აგვისტოში Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ირანის მიერ რუსეთისთვის Fath-360-ის ტიპის რაკეტების გადაცემის გეგმაზე წერდა.