ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჰოლანდიურ საკრუიზო გემზე MV Hondius, სადაც სამი მგზავრი გარდაიცვალა, ჰანტავირუსი შესაძლოა ამ ვირუსის იშვიათი გზით - ადამიანიდან ადამიანზე გადასულიყო. ვირუსი ორ გარდაცვლილში დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰანტავირუსის გადაცემის ეს მექანიზმი იშვიათია და კაბო-ვერდეს სანაპიროსთან გაჩერებულ გემზე დაახლოებით 150 მგზავრისთვის ინფიცირების რისკი დაბალი რჩება.

რა არის ჰანტავირუსი, როდის აღმოაჩინეს, როგორია სიმპტომები და არსებობს თუ არა სამკურნალო მედიკამენტები? 

1950-იან წლებში, კორეის ომის დროს, მდინარე ჰანტანის მიმდებარე ადგილებში მყოფ 3000-ზე მეტ ამერიკელ ჯარისკაცს ცხელება შეეყარა თანამდევი შინაგანი და გარეგანი სისხლდენით.

ამ დაავადებების გამომწვევი ვირუსი შემდგომში იდენტიფიცირდა და მას ჰანტავირუსი ეწოდა. ჰანტავირუსის მრავალი სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება გეოგრაფიული გავრცელებით, ასევე კლინიკური გამოვლინებებითა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

ჰანტავირუსს გადასცემენ მღრღნელები (თაგვები, ვირთხები), რომლებიც, როგორც წესი, თავად არ ავადდებიან. ინფიცირებული მღრღნელები ვირუსს განავლით გამოყოფენ. ადამიანები ინფიცირდებიან ამ ექსკრემენტებთან, მათ შორის გამომშრალ განავალთან კონტაქტით, ან თუ დაბინძურებული მტვერი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და პათოგენები შეისუნთქავენ.

ინფიცირებული მღრღნელების ნაკბენით ინფიცირებაც შესაძლებელია. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ევროპასა და აზიაში აღმოჩენილი ვირუსის შტამებით არ ხდება. ამჟამად, ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემის შესახებ გარკვეული სახის არამყარი მტკიცებულებები არსებობს მხოლოდ ვირუსის სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილ მაღალვირულენტურ შტამზე. გაურკვეველია, ინფიცირების შემთხვევები იყო თუ არა გამოწვეული ამ კონკრეტული ვირუსის შტამებით.

ინკუბაციის პერიოდია რამდენიმე კვირა. ვირუსთან კონტაქტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე პერიოდი შეიძლება ხუთ კვირამდე იყოს. ვაქცინა არ არსებობს; ამჟამინდელი მედიკამენტები მხოლოდ სიმპტომების მკურნალობას უწყობს ხელს. ვირუსები შედარებით სტაბილურია გარემოში, ამიტომ ინფექციისთვის მღრღნელებთან პირდაპირი კონტაქტი არაა აუცილებელი.

ტიპირი სიმპტომები: დაავადება, რომელსაც ცენტრალურ ევროპაში გავრცელებული ჰანტავირუსები იწვევს, თავდაპირველად გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვლინდება, მათ შორის რამდენიმედღიანი მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, მუცლის და წელის ტკივილი. მოგვიანებით, შესაძლოა არტერიული წნევის დაცემა და საბოლოოდ, თირკმლის დისფუნქცია. ვირუსის ამერიკული შტამებით გამოწვეულ ინფექციებს შეიძლება თან ახლდეს გართულებები, როგორიცაა ფილტვის შეშუპება და მწვავე რესპირატორული უკმარისობა.