რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნიდან 1 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გატანაზე აკრძალვა დააწესა. შესაბამის ბრძანებულებას მან ხელი 29 სექტემბერს მოაწერა და ის ძალაში დაუყოვნებლივ შედის, — იუწყებიან რუსული სააგენტოები.
აკრძალვა ეხება ფიზიკური პირების მიერ ნაღდი ფულის გატანას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში, რომელშიც შედიან ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი და ყირგიზეთი, ასევე აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. სხვა ქვეყნებისთვის მოქმედებს ნაღდი ფულის გატანის კიდევ უფრო მცირე ლიმიტი — არაუმეტეს 10 ათასი დოლარის ექვივალენტისა.
იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ამ ქვეყნებში ფულის გატანაზე სრული აკრძალვა დაწესდა თანხის ოდენობის მიუხედავად, — გამომდინარეობს დოკუმენტიდან. 1 მილიონ რუბლზე მეტი თანხის გატანა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული საერთაშორისო აეროპორტების გავლით, ანგარიშიდან ვალუტის განაღდების შესახებ საბანკო ამონაწერის არსებობის შემთხვევაში. აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში მთელი ნაღდი ფული ჩამოერთმევათ, — ნათქვამია ბრძანებულებაში.




