რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაწყების შესახებ ნაბიჯები ავტომატურად ნიშნავს სომხეთის გასვლას ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან.

პუტინის თქმით, ერთდროულად ორ ურთიერთგამომრიცხავ ეკონომიკურ ორგანიზაციაში ყოფნა შეუძლებელია. როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვა და პარალელურად ევრაზიული კავშირის წევრად დარჩენა:

"ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს პოზიციას: შეუძლებელია ერთდროულად იყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი და პარალელურად, მიიწევდე ევროკავშირისკენ. ეს არის სრულიად შეუთავსებელი პროცესები, და სომხეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ფაქტობრივად, ჩვენი გაერთიანების დატოვებას ნიშნავს".

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს და მიანიშნა, რომ საკითხის გადასაჭრელად საუკეთესო გზა ხალხისთვის მიმართვა და საზოგადოებრივი აზრის გარკვევა იქნებოდა.

მანამდე სომხეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოებასა და წევრობის გზაზე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რასაც მოსკოვის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.