რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა იმ სცენარის გამოყენების შესაძლებლობაზე, რომელიც მსოფლიოში "ფატალურ შედეგებამდე" მიიყვანს პროცესებს. საერთაშორისო დისკუსიის კლუბ "ვალდაის" პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, პუტინმა შეახსენა დამსწრეებს, რომ რიგი ქვეყნების არსენალში არის იარაღი, რომელსაც "ყველაფერი ცოცხლის განადგურება შეუძლია". დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ ამ იარაღს არ გამოიყენებს, მან უარყოფითად უპასუხა.
პუტინმა ბირთვული იარაღი შეადარა თეატრის სცენაზე ჩამოკიდებულ თოფს, რომელიც, ჟანრის კანონების თანახმად, უნდა გავარდეს. "გადარჩენისთვის ბრძოლის კანონები მოქმედებს არა მხოლოდ ველურ ბუნებაში, არამედ სოციალურ საზოგადოებებშიც", — აღნიშნა პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, უკიდურეს ზომებზე წავიდეს. "ამასთან, საჭიროა ისე გაკეთდეს, რომ "ეს თოფი" არ გავარდეს", - დასძინა მან.
"თუ ჩვენ გვინდა ცხოვრება — ხოლო ცხოვრება ყველას სურს — მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად", — განაცხადა პუტინმა.
უკრაინაში უკვე მეხუთე წელია მიმდინარე რუსულ ომზე საუბრისას, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს თითქოს "ომი არ დაუწყია", ხოლო მოსკოვის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე NATO-სა და თვით უკრაინის მოქმედებების საპასუხო ნაბიჯი იყო. "სიმართლე ის არის, რომ ჩვენ არ გვინდოდა და არ დაგვიწყია ომი, არამედ ჩვენთან დაიწყეს ომი", — ამტკიცებდა ის. მისი ვერსიით, დასავლეთი წლების განმავლობაში ახალისებდა უკრაინაში "აგრესიულ ნაციონალიზმსა და რუსოფობიას", რათა ის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ "იარაღად" ექცია, "კიევში რადიკალებს" "სახელმწიფო გადატრიალებისკენ" უბიძგებდნენ, ხოლო რუსეთის "ისტორიულ ტერიტორიებზე" NATO თითქოს თავისი ბაზების განთავსებას აპირებდა. ევროპასა და მსოფლიოში არსებულ მიმდინარე სიტუაციას მან "საკმაოდ სახიფათო" უწოდა და დასავლეთის ქვეყნები კვლავ დაადანაშაულა "აგრესიულ ზრახვებში".
უკრაინაში ომის მიმდინარეობის კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლო თვის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა თითქოს 3.5-ჯერ მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე წინა თვეში. მისი მტკიცებით, რუსეთი ამჟამად დონეცკის ოლქის ტერიტორიის 89%-ს აკონტროლებს. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსეთის კონტროლქვეშ ამჟამად დონბასის 81%-ია.




