ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ისრაელმა ყატარის სუვერენიტეტი დაარღვია, ბოდიში მოიხადა დარტყმისთვის, რომლის შედეგადაც კატარელი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა და დაჰპირდა, რომ თავდასხმას აღარ გაიმეორებდა.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყატარის პრემიერ-მინისტრს დოჰაში ჰამასის ლიდერების მკვლელობის მცდელობის გამო ბოდიში მოუხადა, -განუცხადა The Jerusalem Post-ს ინფორმირებულმა წყარომ.

ახლო აღმოსავლეთის ორი ლიდერის საუბარი ნეთანიაჰუსა და ტრამპის შეხვედრის დროს შედგა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყატარს  ბოდიში მოუხადა სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ნეთანიაჰუმ ასევე ბოდიში მოიხადა დარტყმისთვის, რომლის შედეგადაც დაიღუპა შენობაში ჰამასის ლიდერებთან ერთად მყოფი ყატარელი სამოქალაქო დაცვის თანამშრომელი.

გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ისრაელმა დაარღვია ყატარის სუვერენიტეტი და დაადასტურა, რომ ისრაელი ასეთ თავდასხმას აღარ გაიმეორებს.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის, KAN ნიუსის  ცნობით, ნეთანიაჰუს ბოდიში დოჰას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობის გაგრძელების წინაპირობა იყო. ყატარის მთავრობამ მიესალმა ამ რწმუნებას. პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების წინადადება, უფრო უსაფრთხო რეგიონის შექმნის პერსპექტივები და „მათ ქვეყნებს შორის უფრო მეტი გაგების“ საჭიროება.

ტრამპმა შეაქო ორივე პრემიერ-მინისტრი უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ ნაბიჯების გადადგმის სურვილისთვის.

ორი ლიდერი ოფიციალურად არასდროს შეხვედრია ერთმანეთს ან პირდაპირ არ უსაუბრია. ისრაელს ყატართან ოფიციალური ურთიერთობები არ აქვს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ეს ნაბიჯი „სირცხვილად“ შეაფასა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა. მან ყატარის პრემიერ-მინისტრისთვის ბოდიშის მოხდა დამშვიდების მცდელობა უწოდა იგი შეადარა მიუნხენის შეთანხმებას, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი აწერდა ხელს.

„დღეს მიუნხენის შეთანხმების წლისთავია, რომელსაც ხელი 1938 წლის 29 სექტემბერს მოეწერა. მაშინაც და დღესაც ჩერჩილის განცხადება გამოძახილს პოვებს: „ინგლისს შეეძლო არჩევანის გაკეთება სირცხვილსა და ომს შორის, მან სირცხვილი აირჩია და ამიტომ ომს მიიღებს“. ტერორიზმის მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქვეყნისთვის ბოდიშის მოხდა სირცხვილია", - წერს სმოტრიჩი პლატფორმა X-ზე.