პორტუგალიაში საცხოვრებელი ხარჯების ზრდის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს ცამეტი პოლიციელი დაშავდა.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონსა და ქალაქ პორტუში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა, რა დროსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა.

სამართალდამცველების განცხადებით, აქციის მონაწილეებმა მათ ბოთლები და საღებავი ესროლეს. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ლისაბონში — ექვსი, პორტუში კი შვიდი ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, კარვების დაშლისას ცამეტი პოლიციელი დაშავდა, მათგან რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 30-ზე მეტი დემონსტრანტი, მათგან ათს კი საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავრობამ გააუქმოს კანონპროექტი, რომელიც გამოსახლებას ამარტივებს და იჯარის ახალ ხელშეკრულებებზე ქირის ლიმიტს აუქმებს. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ კანონპროექტის გაუქმება გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო კენჭისყრამდე დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანა შესაძლებელია.

როგორც მედია წერს, პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საბინაო კრიზისის წინაშე დგას. 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგებულია.