ოთხშაბათს დილით, პოლონეთის ქალაქების — ჟეშუვისა და ლიუბლინის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს, რათა "სამხედრო ავიაციისთვის მოქმედების თავისუფლება უზრუნველეყოთ", — იუწყება პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სააგენტო (PANSA) სოციალურ ქსელ X-ში.

სააგენტო ციტირებს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო ავიაცია "პოლონეთის საჰაერო სივრცეში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის თავდასხმებთან დაკავშირებით მოქმედებს".

"სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები, ისევე როგორც რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები, საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი", — აღნიშნულია პოსტში. ხაზგასმულია, რომ საქმე ეხება პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიმართულია პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად, "განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც ესაზღვრება საფრთხის ქვეშ მყოფ რაიონებს".

"პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აკვირდება მიმდინარე სიტუაციას, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული ძალები და საშუალებები ინარჩუნებენ მზადყოფნას, რათა დაუყოვნებლივი რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდეთ", — აღნიშნული იყო შეტყობინებაში.

პუბლიკაციის მომენტისთვის, სააგენტო PANSA-მ განაცხადა, რომ აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს.