პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ, გამოცემა wPolityce-თან ინტერვიუში, სსრკ მეორე მსოფლიო ომის გაღვივებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კომუნისტური რეჟიმი ისეთივე პასუხისმგებელია, როგორც ნაცისტური.
"უნდა გახსოვდეთ, რომ საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ხელი საკმაოდ შეუწყო, აგრეთვე გერმანელებთან ერთად შემოიჭრა პოლონეთში. ასე რომ, ის ისეთივე პასუხისმგებელია ომის დაწყებაზე, როგორც გერმანია", - აცხადებს მინისტრი. აგრეთვე, მისი თქმით, საბჭოთა კავშირისა და პოლონეთის ურთიერთობის დასაწყისად 1945 წლის მიჩნევა არასწორია.
ცნობისთვის, ივლისის შუაში, პოლონეთის პრეზიდენტმა კანონში ცვლილების შეტანას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, იკრძალება კომუნისტური პროპაგანდა, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა კომუნისტური ძეგლის დანგრევას. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ საფლავზე არსებული მემორიალებისთვის და იმ ობიექტებისთვის, რომელსაც განსაკუთრებული კულტურული ღირებულება აქვს.
მოსკოვში კი აცხადებენ, რომ რუსეთს აქვს საპასუხო ზომები, რომელიც ასიმეტრიული ხასიათის მატარებელი იქნება.