ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პორტალი wiadomosci.dziennik აქვეყნებს.
უკრაინელი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების საპასუხოდ და პოლონელების მიერ უკრაინელებისთვის ომის დაწყების შემდეგ გაწეული დახმარების ხალხისთვის შეხსენების მიზნით სოციალურ ქსელებში კამპანია გაჩაღდა, - წერს პორტალი wiadomosci.dziennik
ვფიქრობ, უკრაინას უნდა ახსოვდეს, რომ მას პოლონეთი ეხმარება, მაგრამ პოლონეთსაც აქვს უფლება დაიცვას თავისი ბაზარი, - აღნიშნა დღეს პოლონეთის რადიოსთან ინტერვიუში საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა რადოსლავ ვოგელმა.
პოლონეთი არ კრძალავს ტრანზიტს და პოლონეთის გავლით მარცვლეულის ტრანზიტის მოცულობა არათუ მცირდება, არამედ, პირიქით, - იზრდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინიდან მარცვლეულის გატანას, მაგრამ ის არ უნდა დარჩეს პოლონეთში, - დასძინა მან.
პორტალი აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში წამოწყებული აქციის მონაწილეები პოლონეთის დახმარების ამსახველი ფოტოების გარდა, პოსტებში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მონიშნავენ.
„მისტერ პრეზიდენტ @ZelenskyyUa #ჩვენ გვახსოვს თქვენ?" - წერს X-ზე პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ისტორიკოსი სლავომირ ცენკევიჩი.
Mr. President @ZelenskyyUa #WeRememberDoYou? pic.twitter.com/y0SeVIEV85
— Sławomir Cenckiewicz (@Cenckiewicz) September 20, 2023
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ მაისში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები აღარ გაახანგრძლივა, ხოლო პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ დაიცავენ თავიანთ მწარმოებლებს და უარი თქვეს შეზღუდვების გაუქმებაზე. საპასუხოდ უკრაინამ მათ წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელის შეტანის შესახებ განაცხადა, გუშინ კი პოლონეთიდან ხახვის, პომიდვრის, კომბოსტოს და ვაშლის შეტანაზე დააწესა ემბარგო.