„პოლიტიკოს“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ფრანგი და გერმანელი ამომრჩევლები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასაცავად ჯარების გაგზავნის წინააღმდეგ ილაშქრებენ. 

დამოუკიდებელი სოციოლოგიური კომპანია Public First-ის მიერ ჩატარებული  გამოკითხვის შედეგები პოლიტიკურ გამოწვევას უქმნის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარებს გაგზავნის პირობა დადო.

გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ კანადისა და გაერთიანებული სამეფოს ამომრჩევლები უჭერენ მხარს და არა ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ჯარების გაგზავნას მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

გამოკითხულები აშშ-ში, გერმანიასა და საფრანგეთში უფრო მეტად არიან მიდრეკილნი არ გაგზავნონ ჯარები უკრაინაში, „მაშინაც კი, თუ ეს რეგიონში მშვიდობის რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს“.

გერმანია და საფრანგეთი ყველაზე ნეგატიურად არიან განწყობილნი ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით: გერმანელების ნახევარზე მეტი - 53% - ეწინააღმდეგება სამშვიდობო ძალების გაგზავნას. საფრანგეთში გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ ქვეყანამ არ უნდა გაგზავნოს ჯარები უკრაინაში, 33%-თან შედარებით, ვინც მხარს უჭერდა ამ იდეას.

შეერთებულ შტატებში გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ უნდა გაიგზავნოს, მიუხედავად რეგიონულ მშვიდობაზე პოტენციური ნეგატიური ზემოქმედებისა, ხოლო 37% მხარს უჭერს სამშვიდობო ძალების გაგზავნას.



Public First-მა 10 000-ზე მეტი ადამიანი აშშ-დან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან 6-9 თებერვალს გამოკითხა.