ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება მას შემდეგ, რაც ალიანსის 32-ვე ქვეყანა მის კანდიდატურას დათანხმდა, - იუწყება POLITICO.

დღეს რუმინეთმაც (ალიანსის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის გადაწყვეტილებაც აქამდე ცნობილი არ იყო) განაცხადა, რომ რუტეს უჭერდა მხარს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი NATO-ს გენერალურ მდივნობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.

რუტე NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2 ოქტომბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიკავებს.

რუტემ თავისი სურვილის შესახებ, გამხდარიყო NATO-ს გენერალური მდივანი, გასული წლის ნოემბერში გაამჟღავნა. მას თავიდანვე ალიანსის წევრების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია. თუმცა 2017-ში წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრისთვის გაეხანგრძლივებინათ, ამ თარიღმა კი 2019 წელს კიდევ ორი წლით გადაიწია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.