ამერიკა ვეღარ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენსილვანიის შტატში, კარლაილში, აშშ-ის სახმელეთო ჯარების კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დრო, როდესაც აშშ იყო ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი, დასრულდა. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო", - განაცხადა ჰეგსეთმა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ევროპა უნდა გაძლიერდეს და გაზარდოს თავისი სამხედრო ძალა NATO-ს გასაძლიერებლად.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე საფრთხეები მოითხოვს კოლექტიური უსაფრთხოების განსხვავებულ მიდგომას, რის გამოც ჰეგსეთმა მოუწოდა NATO-ს ევროპელ მოკავშირეებს გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დასძინა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მათზე ზეწოლას, რათა გაზარდონ სამხედრო ხარჯები მშპ-ს 5%-მდე, რადგან "2% არ არის საკმარისი".