ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მედია იუწყება.
42 წლის მეთიუ ჰატლს, რომელსაც კაპიტოლიუმში შეჭრის გამო ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიწყალა, კვირას, ტეხასის შტატში, ჯასპერის ოლქის შერიფის მოადგილემ ესროლა და მოკლა, - წერს „ასოშეიტედ პრესი“.
შტატის პოლიციის თქმით, შერიფის მოადგილე ავტომობილით მოძრავი ჰატლის დაკავებას ცდილობდა, როდესაც „ეჭვმიტანილსა და ოფიცერს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ოფიცერმა იარაღიდან ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ეჭვმიტანილს“.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ეჭვმიტანილს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი მანქანის გაჩერებისას“, - აცხადებს შტატის პოლიცია.
სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
ინდიანელი მეთიუ ჰატლი 2021 წლის 6 იანვარს ბიძასთან, 73 წლის დეილ ჰატლთან ერთად გაემგზავრა ვაშინგტონში ტრამპის მომხრეების მიტინგზე დასასწრებად. ჰატლი კაპიტოლიუმის შიგნით 16 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ეს მომენტი ვიდეოთი აქვს გადაღებული.
„ის არ არის რაიმე პოლიტიკური იდეის ნამდვილი მხარდამჭერი“ და მივიდა აქციაზე, რადგან ფიქრობდა, რომ „ეს იქნებოდა ისტორიული მომენტი“. ის ახალი გამოსული იყო ციხიდან, სადაც ავტომობილის მართვის წესების დარღვევის გამო მოხვდა და ს„საქმე არაფერი ჰქონდა“, - წერდა სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მისი ადვოკატი ენდრიუ ჰამერი.
მედიის ცნობით, მისი ბიძა, დეილ ჰატლი, რომელსაც 30 თვე ჰქონდა მისჯილი, ასევე შეიწყალა ტრამპმა.