ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ და ქართული ნარატივის ნაწილი ძალიან მკაფიოა: ლიბერალურ ფაშიზმს ახსენებენ, არა? ისინი ამას ებრძვიან, ეწინააღმდეგებიან. ჩვენ კი მართლა გვჯერა, რომ გერმანია ლიბერალური დემოკრატიაა. ეს არის ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის ჩვენი ისტორიიდან ნასწავლი გაკვეთილი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა,

პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კონსტიტუცია ნაცისტური სახელმწიფოს საპირისპიროს აცხადებს, პირველ ადგილზე დგას მოქალაქე, მოქალაქის უფლებები, სახელმწიფოს მიერ მათი დაცვა.

ელჩის განცხადებით, ახლა ლიბერალური დემოკრატიები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს, თუმცა ეს ბევრად სჯობს ალტერნატივას.

პეტერ ფიშერის განმარტებით, ალტერნატივა კი არის კულტურული ომები, შეთქმულების თეორიები, მუდმივი პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ყველას მუდმივ მღელვარებაში ყოლა, ყოველდღიურად ახალი სკანდალები.

„საზოგადოება თავისუფალი უნდა იყოს. ინდივიდი უნდა იყოს თავისუფალი. ევროკავშირის ხელშეკრულებებიც ამას ამბობს. ჩვენ ვართ ლიბერალური დემოკრატიები. ახლა ლიბერალური დემოკრატიები, ცხადია, ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. როგორც უკვე ვთქვი, არაფერია სრულყოფილი. უამრავს ვკამათობთ. გვაქვს კანონის უზენაესობა. საკითხები სასამართლოში ირჩევა. ზოგჯერ გადაწყვეტილებებს დიდი დრო სჭირდება. თავისუფლებას თავისი ფასი აქვს. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბევრად სჯობს ალტერნატივას. ალტერნატივა კი, რომელსაც გვთავაზობენ, არის კულტურული ომები, შეთქმულების თეორიები, მუდმივი პროპაგანდა და დეზინფორმაცია, ყველას მუდმივ მღელვარებაში ყოლა, ყოველდღიურად ახალი სკანდალები და იდეა, რომ – აი, ჩვენ ვართ მართალნი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პარტია, გარემოცულები ვართ მტრებით, რომლებსაც მუდმივად ჩვენი დამარცხება, ჩვენთვის ავი სურთ. უნდათ, ჩაგვითრიონ ჩვენთვის არასასურველ ვითარებაში – ეს არის გამოგონილი ნარატივი. ეს არ არის სიმართლე. ამას ახლავს ნაციონალიზმი, ავტორიტარიზმი და ძლიერი ლიდერის ყოლის იდეა, რომელიც მკაფიო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამას ახლავს ძლიერი პარტიის იდეა, რომელიც ხალხის ნებას წარმოადგენს და ამას ახლავს ნატივიზმი – „ჩვენი ხალხი“. ზოგჯერ ამას ახლავს რასიზმი. მთელი ეს პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში – რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა. ვხედავთ, რომ ეს ნარატივი ძალიან ძლიერია რუსეთში. ამ ნარატივს ვხედავთ გერმანიისა თუ ევროპის სხვა ქვეყნების მემარჯვენე პოპულისტური პარტიების რიტორიკაშიც კი. გავრისკავ და ვიტყვი, რომ ვხედავთ ამ ნარატივს აშშ-შიც – რომ მტრებით ვართ გარშემორტყმულნი, თავი უნდა დავიცვათ.

მუდმივად მოცული ვართ კულტურული ომებით, ვიგონებთ გიჟურ გენდერულ იდეოლოგიას ყველას დასაშინებლად, ვხდებით ნაციონალისტები, ავტორიტარები. ვხდებით ნატივისტები და ვამტკიცებთ, რომ ეს ერთადერთი გზაა, ბუნებრივი გზა, შესაძლოა, ღვთის ნებაც.

ევროკავშირი კი არის ევროპელების მიერ ნასწავლი ისტორიის გაკვეთილი, რომ ჩემ მიერ აღწერილ გზას მივყავართ კონფლიქტისკენ, ძალადობისკენ და ამან, შეიძლება, მიგვიყვანოს კატასტროფამდე. ეს არ არის გზა, რომელიც ჩვენ გვინდა და რომელსაც ვადგავართ. ქართველ ხალხს ვთავაზობთ ალტერნატივას, თუკი ეს მათი არჩევანიც იქნება“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"