ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 10 მაისს ვაგნერის დანაყოფები ქალაქ ბახმუტიდან გავლენ.
"რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, მაგრამ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგანაც ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება",- განაცხადა პესკოვმა.
ევგენი პრიგოჟინმა თავის მებრძოლებთან ერთად ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ საბრძოლო მასალის უკმარისობის გამო ჩვკ ვაგნერი 10 მაისს ქალაქ ბახმუტს დატოვებს და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში გადაინაცვლებს.
ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა, ამჯერად დახოცილი ვაგნერელების ფონზე პრიგოჟინი სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვს აგინებდა და საარტილერიო ჭურვებს ითხოვდა.
"აი ეს დახოცილები ჩვკ ვაგნერის ბიჭები არიან, რომლებიც დღეს მოკლეს, მათი სისხლი ჯერ კიდევ თბილია. ახლა კი მომისმინეთ ბ****ო! ესენი ვიღაცის მამები და ვიღაცის შვილები არიან. და იმ ბ****ს, რომლებიც ჩვენ არ გვაძლევენ საბრძოლო მასალას, მათ ძვლებს ჯოჯოხეთში შეხრავენ. ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-ით. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა. შეხედეთ ამ ცხედრებს თქვე ბ***ბო",- ამბობს პრიგოჟინი.