შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან ჯარების გაყვანა ოფიციალურად დაასრულა, რაც პენტაგონმა დაადასტურა.
"ერბილის ავიაბაზიდან კოალიციური ჯარებისა და ტექნიკის ორგანიზებული გაყვანა აღნიშნავს იმ სამხედრო მისიის დასრულებას, რომლის მსვლელობისასაც განადგურდა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" (IG) ერაყში", — ნათქვამია ამერიკის სამხედრო უწყების განცხადებაში, რომელსაც მსოფლიო სააგენტოები ციტირებენ.
ამ დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ელის, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები ახლა თავად უხელმძღვანელებენ ძალისხმევას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევრების ნარჩენების შეკავებისთვის.
მანამდე, 28 სექტემბერს, ერაყიდან ამერიკული ჯარების სრული გაყვანის შესახებ ბაღდადის მთავრობამ განაცხადა. "ყველა საბრძოლო დანაყოფმა და ძალამ, რომლებიც ლოგისტიკურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ, ქვეყანა დატოვა", — ნათქვამი იყო ერაყის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც იმ დღეს გავრცელდა.
ქვეყნიდან ამერიკული ჯარების გაყვანაზე აშშ და ერაყი 2024 წელს შეთანხმდნენ. ვაშინგტონის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში ერაყში დაახლოებით 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი იყო დისლოცირებული. აშშ-ის უკანასკნელი ქვედანაყოფები ერაყში განთავსებული იყვნენ ერბილში (ქურთისტანის რეგიონში), ბაღდადის აეროპორტის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზასა და ე.წ. "მწვანე ზონაში" — ბაღდადის სამთავრობო კვარტალში.




