ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო ინფორმაცია, რა გახდა ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.

„უკეთესია, თუ არ მოხდება ამ ამბით სპეკულაცია. ჩვენ გავიგებთ მიზეზებს. არ გამოვრიცხავთ არც ერთ ჰიპოთეზას, მაგრამ ახლა უნდა გავამახვილოთ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე, რაც არის ელექტროენერგიის აღდგენა ჩვენს სახლებში. ამ მომენტისთვის არ არსებობს რაიმე მტკიცებულება მოქალაქეების დაცვის პრობლემების შესახებ. ვიმეორებ, არ არსებობს უსაფრთხოების პრობლემები. ტელეკომუნიკაციები ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჩვენ რამდენიმე კრიტიკულ საათს გავივლით, ვიდრე სრულად აღვადგენთ ელექტროენერგიას და შესაბამისად, საჭიროა მოკლე ზარები განვახორციელოთ და დავრეკოთ 112-ზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ნამდვილად აუცილებელია“, – თქვა სანჩესმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში დღეს ელექტროენერგია გაითიშა, რასაც ორივე ქვეყანაში პრობლემები მოჰყვა. პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი, შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება. ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ კი აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაწყებულია. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იბერიის ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაწყებულია და უახლოეს ხანში დენის მიწოდება ყველა რეგიონში აღდგება.