საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან.
ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება "კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის" და პერსონალური სანქციების დაწესება "ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში".
"ძალიან რთულია სანქციებზე შეთანხმება ევროკავშირისათვის, რადგან საჭიროა 27-ვე ქვეყნის ერთსულოვნება. თუმცა, რაც საქართველოში ხდება ბოლო 12 დღის განმავლობაში, ცხადად საჭიროებს სანქციებს. მე ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. შეთანხმების მიღწევა 27-ვე დედაქალაქზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. პასპორტების კონკრეტულ კატეგორიები შეიძლება, დასანქცირდეს. ჩვენ არ გვინდა, დავსაჯოთ ის ხალხი, ვინც ქუჩაში აპროტესტებს, არამედ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობასა და სისასტიკეზე. ჩვენ ამაზე ვერ გავჩუმდებით. და იმედი მაქვს, ორშაბათს ზომები იქნება მიღებული.
საქართველოს წლების განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ბოლოს – კანდიდატის სტატუსი. ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან და ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომელიც ევროკავშირს აკავშირებდა საქართველოსთან ბოლო 10 წლის განმავლობაში, გადახედვას საჭიროებს. ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება. ევროკავშირის დედაქალაქებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში ჩვენმა უმეტესობამ მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც ვთანხმდებით, რომ უნდა ვიმოქმედოთ. უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ "ქართული ოცნების" ქმედებებს ექნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს, 16 დეკემბერს", - თქვა ელჩმა ჰერჩინსკიმ 9 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, იგი იმედოვნებს, რომ წევრ ქვეყნებს "სისასტიკეზე თვალის დახუჭვა გაუჭირდებათ":
"მე ვიმედოვნებ, რომ ყველა დედაქალაქისათვის რთული იქნება იმ დონის ძალადობასა და სისასტიკეზე თვალის დახუჭვა, რასაც ვხედავთ. ვნახოთ, ორშაბათს დაწესდება თუ არა სანქციები".